Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი 10th, 2011

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, შვედეთის სამეფოში იყო ასეთი ბრძენთაბრძენი მეფე გილფი. ცხოვრობდა. მეფობდა. და მოიწყინა. არც ომი იყო სადმე, რომ ეომა. არც ლხინი იყო, კარგად რომ გამომთვრალიყო. ჰოკეის ჩემპიონატიც კი არ იყო, რომ ექომაგა, იმიტომ რომ ჯერ ჰოკეი არ გამოეგონათ.

ჰოდა, სად იყო და სად არა მისი სამეფოს საზღვრებს მოადგა უმშვენიერესი ქალი, სახელად გეფიონი, რომელსაც არც სახლი ჰქონდა და არც კარი, ამიტომ თავის ოთხ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, ამბებს ყვებოდა, უკრავდა, ცეკვავდა – მოკლედ, მსახიობობდა და ამით ირჩენდა თავს.

ერთი დღე და ღამე უსმენდა ბრძენთაბრძენი მეფე გილფი გეფიონს, უსმენდა ამბებს შორეულ ქვეყნებსა და ბობოქარ ოკეანეებზე, მზიან ველებსა და თოვლიან მწვერვალებზე, უცნაურ ცხოველებსა და ფინველებზე და მოიხიბლა. ისე მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა გეფიონი თავისთან დაეტოვებინა (მისი ოთხი შვილითურთ – რასაც ბევრი მამაკაცი, დამეთანხმეთ, არ იზამდა) და უთხრა ბრძეთაბრძენმა მეფემ ქალს – ნუღარსად წახვალ, დარჩი ჩემთან, გეყო რაც აქეთ-იქეთ იწანწალეო. გეფიონი დათანხმდა, ჰკითხა – სად დავსახლდეო. რახან მთელი დღე და ღამე შენი აქყოფნით დამატკბე, მეც ერთ დღესა და ღამეს გაძლევ – რამდენ მიწასაც დახნავ – ფეშქაშ იყოს – აგიშენებ სასახლეს და იცხოვრე იქო, – უთხრა ბრძეთაბრძენმა მეფე გილფიმ (თან წვერ-ულვაშში ჩაიცინა, ეს თხელი ქალი, თუნდაც, მისი ვაჟები მიეხმარონ, ერთ დღე-ღამეში განა იმდენ რა მიწას დახნავსო). (more…)

Read Full Post »